Friday, January 18, 2013

განვითარების თეორიები

ამჯერად შევეხები დღეისთვის და არა მარტო დღეისთვის, ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რასაც ადამიანის განვითარება ჰქვია. ეს საკითხი ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის განსაკუთრებით საინტერესოა და ვურჩევდი ყველა პედაგოგს და არა მარტო მათ,ასევე ყველა მშობელს რომ კარგად შეესწავლათ ის.
პირველ რიგში მოგახსენებთ ასაკობრივი განვითარების კლასიფიკაციების შესახებ - გიორგი ლაცაბიძის წიგნიდან- განვითარების თეორიები (მეორე განახლებული გამოცემა, 2010)

არსებობს ასაკობრივი განვითარების სხვადასხვა კლასიფიკაცია. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. მას განვითარების რთული პროცესი აქვს გასავლელი. ცხოვრების სხვადასხვა საფეხურზე, ასაკობრივი განვითარების შესაბამისად, თითოეული ინდივიდი, განიცდის მეტად ღრმა ცვლილებებსა და გარდაქმნებს.
კვრცხუჯრედის განაყოფიერებიდან 5-7 დღის შემდეგ, ფიქსირდება ემბრიონის ქცევის სხვადასხვა ფორმები, რის შედეგადაც გამოიკვეთება სამი ძირითადი ფაქტორი - გენეტიკური მემკვიდრეობითობა (გენოტიპი), კულტურული სახე და სასიცოცხლო აქტივობა.

ადამიანის ცხოვრების ციკლი შეიძლება დაიყოს ოთხ დიდ პერიოდად:
1. პრენატალური პერიოდი
2. ბავშვობა
3. ყრმობა
4. მოწიფულობა

1. პრენატალური პერიოდი 
გრძელდება 266 დღეს. მოიცავს წინაგანაყოფიერებამდელ სტადიას, ემბრიონალურ სტადიას და ნაყოფის სტადიას.
ა) წინაგანაყოფიერებამდელი სტადია -  გრძელდება ორი კვირა. ეს არის ზიგოტას წარმოქმნის პერიოდი.
ბ) ემბრიონალური სტადია - გრძელდება მესამე კვირიდან მეორე თვის ბოლომდე. ამ სტადიაში ხდება სხვადასხვა ორგანოს ანატომიური და ფიზიოლოგიური დიფერენცირება. კერძოდ, ამ დროს ჩნდება ძვლის პირველი უჯრედები, ყალიბდება ქუთუთოები, ყურის ნიჟარა,ვითარდება ნერვიული ბოჭკოები, კიდურები და სასქესო ორგანოები. 
გ) ნაყოფის სტადია - იწყება მესამე თვიდან და გრძელდება ბავშვის დაბადებამდე. ამ პერიოდში ვითარდება სასიცოცხლო ფუნქციები და სისტემები, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს გადარჩეს დაბადების შემთხვევაში. მხოლოდ მეშვიდე თვიდან არის ნაყოფი სიცოცხლისუნარიანი. შვიდი თვის ნაყოფს გადარჩენის მეტი შესაძლებლობა აქვს. შვიდი თვის ნაყოფი უკვე ახელს  და ხუჭავს თვალებს, რეაგირებს სინათლის ცვლილებებზე. მას დღისა და ღამის ციკლის გარჩევაც შეუძლია, ესმის ხმები, თუმცა ბგერების უმეტესობა მისთვის დახშულია. სწორედ ამ თვეში ინტენსიურად ვითარდება თავის ტვინი და ნერვული სისტემა.

2. ბავშვობა. ეს პერიოდი იყოფა სამ სტადიად:
1 სტადია: იწყება ბავშვის გაჩენიდან და გრძელდება სამ წლამდე. ეს არის განვითარების და მეტყველების ფუნქციონალური პერიოდი.
11 სტადია: მოიცავს 3- დან 6 წლამდე პერიოდს და მისთვის დამახასიათებელია პიროვნული თვისებების და კოგნიტური პროცესების განვითარება.
111 სტადია: მოიცავს პერიოდს 6 წლიდან 12 წლამდე. რაც თავისთავად გულისხმობს სასკოლო ასაკს და ბავშვის სოციალურ ჯგუფში ჩართვას.

3. ყრმობა. იყოფა 2 პერიოდად:
ა) პუბერტატული პერიოდი გრძელდება 12-16 წლამდე, როცა მოზარდებში უკვე ყალიბდება ახალი წარმოდგენა საკუთარ თავზე.
ბ) იუვენილური პერიოდი იწყება 16 წლიდან და გრძელდება 18-20 წლამდე. ამ დროს ხდება მოზარდების შეგუება ოჯახთან, სკოლასთან და თანატოლებთან.

4. მოწიფულობა. იყოფა სამ სტადიად.
ადრეული ყრმობის 1 სტადია მოიცავს 20- დან 40 წლამდე პერიოდს. ამ დროს ხდება ადამიანის ინტენსიური პირადი ცხოვრების ჩამოყალიბება და პროფესიული განვითარება.
მოწიფულობის 11 სტადია გრძელდება 40 - 60 წლამდე, ხასიათდება სტაბილურობით და პროდუქტიულობით, განსაკუთრებით სოციალურ და პროფესიულ ურთიერთობებში.
მოწიფულობის 111 სტადია იწყება 60-70 წლებიდან და ხასიათდება ადამიანის აქტიური ცხოვრებიდან გასვლით.
განვითარებისა და ასაკობრივ ფსიქოლოგიაში გამოყოფენ შემდეგ სფეროებს:
ფსიქო-ფიზიკური - შეისწავლის ადამიანის სენსორულ და პერცეპტიულ სისტემებს.
ფსიქოსოციალური - შეისწავლის ადამიანის მოღვაწეობას.
კოგნიტური - შეისწავლის ადამიანის შემეცნების და უნარ-ჩვევების განვითარებას.
განვითარების ფორმებია:
ფილოგენეზი - კაცობრიობის განვითარების სრული ფსიქიკური ჩამოყალიბების პროცესი;
ონტოგენეზი - ინდივიდუალური განვითარების პროცესი.
ადამიანის ფსიქიკური განვითარების ძირითადი ფაქტორებია:
  • მემკვიდრეობითობა - ორგანიზმის თვისება გაიმეოროს მთელი რიგი შთამომავლობითი მსგავსების ცვლილების ტიპები და სრული ინდივიდუალური განვითარება;
  • გარემო - ადამიანის საზოგადოებრივი, მატერიალური და სულიერი მდგომარეობის არსებობა;
  • აქტივობა - ორგანიზმის მოქმედების მდგომარეობა.  

1 comment:

  1. იმედი მაქვს საინტერესო საკითხს შევეხე, ამ თემებზე კვლავ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას :)

    ReplyDelete