Thursday, January 17, 2013

ფიროსმანი და ვაჟა ფშაველა

... ძმებო, ავაშენოთ, დიდი ხის სახლი სადმე, ქალაქის შუაგულში, რომ ყველასთვის იყოს ახლოს. ავაშენოთ დიდი სახლი, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე...Изображение ფიროსმანის ეს სიტყვები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე,განსაკუთრებით კი მისი გაგრძელება - მაგრამ თქვენ ეს არ გინდათ, თქვენ სულ სხვას ლაპარაკობთ... მთელი მისი ცხოვრება წინააღმდეგობებით იყო სავსე, ყველას უნდოდა მას გვერდით დადგომოდა,მაგრამ არავის გამოსდიოდა ეს თითქოს, ან არ ქონდათ ამის ისეთი ძლიერი სურვილი რომ ეს განეხორციელებინათ.. ყოველთვის,როცა კირილე ზდანევიჩი მას გამოფენის შესახებ ესაუბრებოდა, ან იმის შესახებ თუ როგორ უნდოდა მას ფიროსმანზე გაზეთში წერილი გამოექვეყნებინა ნიკალა მორიდებულობით მუდამ თავის ცუდ ჩაცმულობაზე სწუხდა, იმაზე, რომ არ იყო შესაბამის ფორმაში საიმისოდ... საინტერესოა როგორ მოხდა ამ ორი ბუმბერაზი ადამიანის ნიკო ფიროსმანიშვილისა და ვაჟა ფშაველას შეხვედრა. ამის შესახებ გვიყვება ვასო ჩაჩანიძე - მოგონებებში ფიროსმანის შესახებ. ვასო მაშინ ქუდების სამკერვალო სახელოსნოში მოწაფეობდა, იქ ყოფნის პერიოდში, როდესაც თავისუფალი დრო ჰქონდა სახელოსნოს წინ ტროტუართან მჯდომი ვასო ხალხის მიმოსვლას და ვაჭრობას ადევნებდა თვალყურს, სწორედ აქ გაიცნო მან ცნობილი "მხატვარი ნიკალა", როგორც მაშინ ეძახდნენ და იცნობდნენ ფიროსმანს. ნიკალა ამხანაგობდა მათი სახელოსნო ოთახის გვერდით მცხოვრებ მხატვარ-მღებავ მიხაკასთან.როდესაც სამუშაო არა ჰქონდა მიხაკასთან ერთად მუშაობდა სამღებრო საქმეებზე, ამის გამო ფიროსმანი იქ ხშირად მიდიოდა...სწორედ ვასო ჩაჩანიძე გახდა მოწმე ამ ორი უბადლო ხელოვანის შეხვედრისა და შემოგვინახა კიდეც ხსოვნა ამის შესახებ. ვაჟა თბილისში ჩამოსვლისას ხშირად მიდიოდა რიყეში,აქ ის თავის მეგობარსა და პატივისმცემელს ივანე აბაევს მიაკითხავდა ხოლმე, რომელსაც რიყეში გახსნილი ჰქონდა ღამის გასათევი ოთახები. ივანე აბაევი დიდ პატივს სცემდა ვაჟას, მას ძმადნაფიცს ეძახდა, აბაევი იმავე სახლში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, ხოლო ამ სახლის პირველ სართულზე იყო ის სამკერვალო სახელოსნო სადაც ვასო ჩაჩანიძე შეგირდობდა.Изображение 1914 წლის ზაფხული იყო, ერთ დღეს მივიდა აბაევი სახელოსნოში და ვასო და მამამისი თავისთან მიიპატიჟა ვაჟა ფშაველას გასაცნობად.მალე პურ-მარილიც გამიართა. იმხანად აბაევს დაქირავებული ყავდა მუშები,რომლებიც სასტუმროს კედლებსა და კარ-ფანჯრებს ღებავდნენ. ესენი იყვნენ მღებავი მიხაკა და ნიკალა.მათ სამუშაო დაესრულებინათ და ხელფასისთვის მომაკითხეს აბაევს. საღებავებიანი ვედროები და ფუნჯები ორივეს ხელში ეჭირათ და კარებში იდგნენ. " მობრძანდით, სტუმარი ღვთისაა ",- უთხრა ივანემ და ოთახში მიიწვია. " კარგი ხელოსნები ჩანან, წეღან ვნახე, თავაუღებლივ და მუყაითიანად მუშაობდნენ ორივენი", - თქვა ვაჟამ და მიხაკასა და ნიკოს მიუბრუნდა: " სად ისწავლეთ ხელობა. სადაურები ხართ"? - ჰკითხა ვაჟამ ორივეს. " მე კახეთიდან ვარ, ჩემი მეგობარი კი თბილისელია", - უპასუხა ნიკომ. " შენც თბილისელი არა ხარ? - წამოიწყო მიხაკომ. - თუმცა ატაჟიანი სახლები არცერთს არა გვაქვს, მაგრამ მაინც თბილისელები ვართ ორივენი. ამან მარტო მალარობა კი არ იცის, - განაგრძო მიხაკამ, - ეს მხატვარია, ისეთ რამეს დახატავს ხოლმე, რომ კაცს ნამდვილი ცოცხალი ეგონება... ამის შემდეგ ვითარდება უკვე ნიკო ფიროსმანისა და ვაჟას დიალოგი, ვაჟა აღფრთოვანებას არ მალავს ნიკოს ხელოვნების მიმართ, მას შემდეგ, რაც მიხაკამ მას ნიკოს დახატული ფუნიკულიორი უჩვენა. - შე კაი კაცო, ოქროს ნიჭი გქონია და ოქროს ხელიი, რაღა მალარობას მისდევ?- კითხა ვაჟამ - ეჰ, ჩემო ძმაო, გატყობთ, ნასწავლი კაცი ბრძანდებით, მაგრამ სხვებივით რატომ კარგად არ გაცვია და ჩინ-მედლები არ გკიდია.რათ გაცვია გახუნებული და ჩემსავით დაკერებული ტანსაცმელი, - უთხრა ფიროსმანმა ვაჟა ფშაველას, რაზეც ვაჟამ მიუგო  - რომელი გლეხი ნახეთ ამ დროებაში ჩემზე უკეთ ჩაცმულიო , და ჩაიცინა...აქ აბაევი ჩაერია ლაპარაკში და ვაჟას თავი წარუდგინა მხატვრებს, ფიროსმანი გაოცებით მიაჩერდა ვაჟას,სახე გაუბრწყინდა, წამოხტა ფეხზე და მოწიწებით დაუკრა თავი და ხელიც ჩამოართვა... - მე წავიკითხე შენი " შვლის ნუკრის ნაამბობი".ცრემლებს ვერ ვიკავებდი, - დაიწყო ნიკომ. - ძლიერ მომეწონა და განვიზრახე, დამეხატა კიდეც.და, აი, შარშან მომეცა აის შემთხვევა, მიხუას დუქანში. მიხომ მთხოვა, კარგი რამე ადმეხატა მის დუქანში, ბუფეტის მოპირდაპირე დიდ კედელზე. მე გამიხარდა და დავიწყე ხატვა. მიხას მოწონდა დახატული ტყე,მთები, პატარა წყარო და მაქებდა კიდეც. მაგრამ შემდეგ როდესაც წითლად შევაფერადე შვლის გამოჭრილი ყელი და ბალახზე დაღვრილი სისხლი, მიხუამ წამაშლევინა ნამუშევარი. მის ადგილზე მეზურნეების დასტა და მედოლე ბაგრატი დამახატვინა, მოცეკვავე ყარაჩოხელებით. - რად წაგაშლევინა? - ჰკითხა ვაჟამ ფიროსმანს. - მიხუამ მითხრა: ჩემს დუქანში ხალხი გასართობად მოდის, მას დროსტარება და მხიარულება უნდა. მთვრალმა კაცმა რომ სისხლი ნახოს, ვაი თუ ჩხუბის გუნებაზე დადგესო , ვინმეს ეცეს და სისხლი დაღვაროსო. სამი დღის ნამუშევარი წყალში გადამიყარა, - მიუგო ნიკალამ  ვაჟას - ეჰ, ცხოვრებავ, რა ხარ, რა, - ამოიგმინა ვაჟამ წასვლის წინ ნიკალამ სთხოვა მიხაკას მის მიერ დახატული ფუნიკულიორის სურათი და სახსოვრად უძღვნა ვაჟას. ვაჟამ მადლობა გადაუხადა... ასე დასრულდა მათი შეხვედრა, ცოტა გულისტკივილით,მაგრამ ამავე დროს დიდი სიხარულით,რომელიც ამ ადამიანებმა ერთმანეთის გაცნობით განიცადეს...თუმცა ასეთი შეხვედრები ნიკალას ცხოვრებაში ბევრი ყოფილა თავისი მოხეტიალე ცხოვრების და ინდივიდუალური ხატვის მანერის წყალობით, რომელიც ყველას აოცებდა და იზიდავდა, თუმცა ის მაინც უგზო-უკვლოდ მოხეიალე მხატვრად წავიდა ამ ცხოვრებიდან და თავისი საფლავის ხილვის ღირსნიც არ გაგვხადა და ამაშიც მოკლებულნი დავრჩით მის სიახლოვეს.თუმცა ასეთი იყო ალბათ მისი ბედი, იდუმალი და ამოუცნობი...

No comments:

Post a Comment