Sunday, March 31, 2013

პირველი ქრისტიანული ფერწერა

ქრისტიანობა, როგორც რელიგია სათავეს ქრისტეს დაბადებიდან იღებს. ქრისტეს დაბადებიდან იღებს სათავეს ასევე ჩვენი წელთაღრიცხვა და ხელოვნების მთელი რიგი დარგებისა, რომლებსაც განსაკუთრებული გავრცელება ამ რელიგიამ მოუტანა , ააყვავა და  ააღორძინა ის, ხელოვნებამ შეიძინა მანამდე უცნობი გამომსახველობის ფორმები და სახეები, ის გახდა წმინდა და ყველასთვის სათაყვანებელი და მეორეს მხრივ, ხელოვნების მეშვეობით ქრისტიანობამ ფერებში გადაიტანა "სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა". ხელოვნება ჩადგა რელიგიის სამსახურში და წმინდა წერილთან ერთად დაიწყო ქრისტეს რჯულის ქადაგება.
ქრისტიანობა რომის იმპერიაში ჩაისახა და საკმაოდ სწრაფად დაიწყო გავრცელება მთელ მის ფარგლებში. ქრისტიანობა ძირფესვიანად განსხვავდებოდა იმ წარმართული კულტებისაგან, რომლებიც რომის იმპერიაში იყო გავრცელებული. წარმართული მრავალღმერთიანობის ნაცვლად , ქრისტიანობა მონოთეისტური რელიგია იყო.
ქრისტეს მონოგრამა.
პირველი ქრისტიანები რომის იმპერიაში დიდ დევნას განიცდიდნენ და იძულებულნი იყვნენ ფარულად შეკრებილიყვნენ. ამგვარი ფარული შეხვედრები რომში კატაკომბებში ხდებოდა ( სიტყვა "კატაკომბა" წარმოდგება ლათინური სიტყვისაგან " კუმბა", რაც თხრილს ნიშნავს). რომის მიდამოებში მრავლად იყო ქვის მოსაპოვებელი კარიერები. ეს მიტოვებული მიწისქვეშა კარიერები პირველმა ქრისტიანებმა თავიანთ სამლოცველოებად და მიცვალებულთა დასაკრძალად გამოიყენეს. სწორედ აქ აღმოცენდა პირველი ქრისტიანული მხატვრობის ნიმუშები, რამაც საფუძველი დაუდო იმ დიდ ხელოვნებას, რასაც ქრისტიანული ხელოვნება ეწოდება.
კალისტოს კატაკომბა

კატაკომბები მიწისქვეშ გათხრილი დერეფნების და სათავსების მთელი სისტემაა, აქ , კედლებში საგანგებოდ გამოკვეთილ ნიშებში - კუბიკულებში , ქრისტიანები თავიანთ მიცვალებულებს კრძალავდნენ. აქვე სრულდებოდა სულის მოსახსენებელი რიტუალები. დროთა განმავლობაში კატაკომბებში ცალკეულ მოწამეთა სახელობის სამლოცველოებიც აღმოცენდა.
პირველი ქრისტიანები კატაკომბებს მხატვრობით ამკობდნენ. ისინი როგორც წესი შესრულებული იყო თეთრ ფონზე. ამ მხატვრობაში ჩვენ შევხვდებით ისეთ გამოსახულებებს, როგორებიცაა : მტრედი, ღუზა, ხე, ჯვარი, თევზი, ჩიტი და ა. შ.

თევზის ბერძნული სახელწოდების "იხთიოს" განმარტება პირდაპირ ქრისტეს სახელზე და მის მაცხოვარებაზე მიგვითითებს, სწორედ ამიტომ აირჩიეს ის პირველმა ქრისტიანებმა ქრისტეს სიმბოლოს გამოსახვისათვის. სიტყვის განმარტება ასეთია: 
ღუზა კი იესო ქრისტეზე , როგორც ამქვეყნიური ცოდვებისაგან ხსნის სიმბოლოზე მიგვითითებს, ამიტომ ხშირად ვხვდებით ამ გამოსახულებას კატაკომბების მხატვრობაში.

აქვე ვხვდებით იესო ქრისტეს კიდევ ერთ სიმბოლურ გამოსახულებას "მწყემსი კეთილის" სახით
გარდა სიმბოლური გამოსახულებებისა კატაკომბებში ვხვდებით ბიბლიისა და სახარების სიუჟეტურ სცენებს, ასევე გვხვდება მასში ცალკეული წმინდანების გამოსახულებებიც :
ღვთისმშობელი ხელებაპყრობილი ლოცვის პოზაში
სამი ყრმა ცეცხლის სახმილში
დანიელი ლომთა ხაროში და ა. შ.
დროთა განმავლობაში დადგინდა სცენების გამოსახვის წესი, წესების ამ ერთობლიობას იკონოგრაფია ეწოდება.
ერთი შეხედვით, კატაკომბების გამოსახულებები არაფრით განსხვავდება რომის წარმართული მხატვრობისაგან, მაგრამ მთავარი მათი ახალი შინაარსი და სიმბოლური მნიშვნელობაა, რაც მხოლოდ ქრისტიანებმა იცოდნენ და ამიტომ მხოლოდ ისინი ახერხებდნენ მხატვრობის შინაარსისა და იდეის ამოკითხვას.
ამგვარად, ქრისტიანული ხელოვნება ახალი რელიგიის იდეების წარმოჩენას ემსახურებოდა და მათ შესახებ მორწმუნეებს სიმბოლოების ენით ესაუბრებოდა.

No comments:

Post a Comment