Wednesday, April 1, 2015

ნუ შევიქმნით პრობლემებს

საოცარია, ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები ვინც ჩვენზე ზრუნავენ, ვუყვარვართ და გვაფასებენ, მუდამ ცდილობენ გაგვახარონ, გვასიამოვნონ, ჩვენ კი ვერ ვამჩნევთ ამ ყველაფერს და ხშირად იგნორითაც კი ვპასუხობთ ამ სიყვარულს, მაგრამ სამაგიეროდ როგორ ბრმად ვენდობით და ვუყვებით ჩვენს შესახებ იმ ადამიანებს, რომლებიც ერთი შეხედვით ჩვენი მეგობრები არიან, სინამდვილეში კი ჩვენც ვიცით რომ ასე არ არის და რეალურად ჩვენი სიკეთე და ჩვენი ბედნიერება თუ არ სწყინთ, არც ადარდებთ დიდად.

რატომ ხდება ასე? რატომ ვართ ასეთი ბრმები და უმადურები? 

სამაგიეროდ ვზივართ და გლობალურ საკითხებზე ვმსჯელობთ ფართო აუდიტორიასთან, განვიხილავთ მასშტაბურ პრობლემებს, საკუთარი თავისა და ოჯახისთვის კი ვერ მიგვიხედია.

რა დავარქვა ამას....

სულ ვფიქრობ იმაზე,  როგორი ხანმოკლეა ჩვენი ცხოვრება, წამში გაირბენს, მოიხედავ და უკვე ის აღარ ხარ, აი, მაგალითად, გუშინ შვილი არ მყავდა, დღეს კი მასზე ვზრუნავ, ხელში მიჭირავს და ვაძინებ, გამყავს გარეთ და ვასეირნებ სუფთა ჰაერზე, დრო კი ისე გარბის ამასობაში, თვალის მოხუჭვასა და დახამხამებას ვერ ვასწრებ ზოგჯერ და მაინც ამ უდროობასა და მოუცლელობაში ისე განვიცდი საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დეფიციტს, გამოფიტული ვარ და გამომშრალი თითქოს, ჩვენ კი ამ დროს რას ვაკეთებთ ზრდასრული ადამიანები, ელემენტარულად არ გვცალია ერთმანეთისთვის, ყელამდე პრობლემებსა და საქმეებში ვართ ჩაფლულნი, გასაქცევს ვეძებთ და ისაც არ ჩანს,მაგრამ რას უნდა გავექცეთ, ადამიანობას? საყვარელ ადამიანებს? პრობლემებს ხომ ვერა და ვერ გაექცევი, უბრალოდ უნდა ეცადო რომ არ შეიქმნა ისინი...      ერთ რამეს მივხვდი, ადამიანი თვითონ იქმნის პრობლემებს, თვითონ "ითხრის სამარეს", თვითონ როგორც იქცევა, როგორი გააზრებითა და დაფიქრებითაც იქცევა, ისეთივეა მისი ცხოვრებაც.

ღმერთმა მოგვცეს უნარი სიმშვიდისა, მსგავსად ბიბლიური მეფე დავითისა : უფალო მოიხსენე დავით და ყოველი სიმშვიდე მისი.

No comments:

Post a Comment