Saturday, April 4, 2015

უსათაურო

ვუყურებ ამ ფოტოს და საშინელი განცდა მეუფლება, ტკივილი ნახლდება, ისევ თავიდან იწყება... როგორი შორეული და გაცრეცილია ფოტო, ყველაზე სანატრელ და ტკივილიან მოგონებებს რომ ინახავს......

ისევ ახლიდან ვათვალიერებ ფოტოებს, შეგნებულად არა, არ მინდა განგებ ვნახო ფოტოები, მაგრამ უფრო მწარეა შემთხვევით ისევ რომ გადავაწყდები... განა მე ის მავიწყდება, უბრალოდ თავს დიდი ტკივილის და ბრძოლის ფასად ვაიძულებ არ ვიფიქრო, არ გავყვე ამ ფიქრებს....... ეს ჩემს ძალებს საოცრად და სასწაულად აღემატება, დავრდომილს ვემსგავსები და უიმედობა მიპყრობს.....

არავინ თქვას რომ დრო კურნავს ტკივილს...... ეს ტკივილი არ იკურნება, როგორც სნეული უკურნებელი სენით შეპყრობილი ისეა, ეს არ გაივლის და არ დამშვიდდება გული, ვერ დაწყნარდება სული.......რამდენი ფიქრი და აზრი მოდის თავში, რამდენი სევდა, წუხილი, ტირილი, ცრემლი.... ზოგჯერ მგონია რომ ასეთი ტკივილი არავის განუცდია არსად, ზოგჯერ მგონია რომ ყველაზე მძიმე სასჯელია ეს, იმდენად მძიმეა მისი გახსენება და მასზე ფიქრი. რაც დრო გადის უფრო გრძნობ უმისობას და უფრო მეტად გაკლდება, ვიდრე აქამდე და ასეა ყოველდღე, უფრო და უფრო მძაფრდება მისი არყოფნით გამოწვეული სევდა. ზოგჯერ მეშინია ღვთის გმობამდე არ მივიდეს ჩემი აზრები.

მე ის კი არ მენატრება, არა, საოცრად მაკლია, მახსენდება როგორც რამ ძალიან შორეული, ტკბილი და თითქოს არარსებულიც, თავი მგონია სამოთხიდან გამოძევებული ადამიანი, რომელიც მადლის გარეშე დარჩა და მისი ცხოვრება დაემსგავსა ოდისეას... ამდენი კითხვის ნიშანი, ამდენი მრავალი წერტილი..... შეუძლებელია ამის განკურნება, ეს სენია რომელიც ჭამს გულს, ისე როგორც მისი გული გახეთქა და შეჭამა... ეს ცხოვრებაა, დაუნდობელი და სასტიკი, რომელიც გატირებს და გკლავს... და ვეკითხები ჩემს თავს -  რისთვის მოვედი ამ ქვეყნად, რა არის ჩემი მისია... მე ხომ დედა აღარ მყავს.........

No comments:

Post a Comment