Friday, March 27, 2015

მოულოდნელი სიხარული

როგორი მოულოდნელობებითაა აღსავსე ჩვენი ცხოვრება, სწორედ მაშინ, როცა უკვე აღარ ელოდები უფალი მოიღებს წყალობას თვისას... არ გჯერა... ფიქრობ, რომ არ იყავი ღირსი... ეს შენ არ დაგიმსახურებია, მაგრამ მან ხომ მაინც მოგმადლა? რა უნდა ქნა, მადლობით უნდა მიიღო...
ცხოვრებას ახალი აზრი მიეცა, აგერ უკვე ერთი წელია, ანუ მას შემდეგ, რაც გავიგე რომ ორსულად ვიყავი, ეს იყო 11 მარტი (?), გააზრება ისეთი ადვილი არ ყოფილა იმისა რომ შვილი მეყოლებოდა, თითქოს ვიყავი კიდეც მზად და თითქოს არც ვიყავი, გული გამოუთქმელი სიხარულით ამევსო.
გავიდა 9 თვე და დედა გავხდი. იმ აზრს როგორც იქნა ძლივს შევეგუე და ორსულობა ჩემს ბუნებრივ მდგომარეობად მივიჩნიე და უცბად იმაზე ასჯერ და ათასჯე მეტი სიახლე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, ეს იყო ის სიხარული, რომელსაც თურმე 2 წელი ველოდი, 2 წელი??? არა, თურმე რასაც მთელი ცხოვრება ველოდი და არც კი ვიცოდი, არ ვუწყოდი, ეს ჩემში ქვეცნობიერად მუდამ არსებულა თურმე ისევე როგორც ალბათ ყველა ქალში. 
.... და მივხვდი ერთ რამეს - სისულელეა ადამიანის ყოველგვარი მოღვაწეობა, ყოველგვარი შრომა და წვალება ამქვეყნიური ერისკაცის მდგომარეობაში მყოფისა, წარმავალია ყველაფერი და "მსწრაფლად დასჭკნების", ფუჭია მისი ყოველი საქმიანობა და უნაყოფო, თუ ამ ყველაფერმა ცოცხალ არსებაში არ ჰპოვა გაგრძელება, ჩემი აზრით მასშია ერისკაცის ნამდვილი ამქვეყნიური ღვაწლი იმქვეყნიურის დამკვიდრებისთვის... და მივხვდი ერთ რამეს, ამისთვის მიცხოვრია, ამისთვის დავბადებულვარ, ამისთვის გავუზრდივარ დედაჩემს ტანჯვით, ეს ყოფილა ჩემი ცხოვრების არსი, აზრი, შინაარსი, დედააზრი და მხოლოდ ამისთვის ღირდა ცხოვრება, ღირდა ლოდინი, ღირდა ყველაფრის ფასად...
იყო მშობელი ეს ძალიან მძიმე ტვირთია, მაგრამ ამაზე დიდი სიამოვნებით არანაირ ტვირთს არ ზიდავდა ალბათ ადამიანი მთელი თავისი არსებობის მანძილზე... საოცრებაა.... ილიას სიტყვები გამახსენდა, თუმცა ისინი სხვა კონტექსტში თქვა მან : მისთვის მიყვარხარ რომ მაძლევ ტანჯვას და ამ ტანჯვაში სრულს სამოთხესა...

No comments:

Post a Comment