Saturday, June 6, 2015

ფიროსმანის დაბრუნება


საოცარი შეგრძნებაა... ფიროსმანის არსენალის მთა ღამით დაბრუნდა საქართველოში, ჩემთვის კი ის უფრო მეტად საინტერესო ერთი მიზეზითაა, ამას წინათ, ისე რომ არც ვიცოდი ამ ნახატის ადგილმდებარეობის შესახებ გადავწყვიტე დამეხატა ჩემი თვალით დანახული არსენალის მთა...საოცარი იყო ეს პროცესი და ფიროსმანისეული ფერების მიღება ფერთა შეზავებით, ჩემზე ის განწყობა და ემოციები გადმოვიდა უფრო რეალურად და ნათლად რაც ამ ნახატშია ჩადებული, ძალიან მომეწონა ეს პროცესი და მივხვდი რომ ჩემთან ძლიერ ახლოს იყო მისი ტონები, მისი ხასიათი, ბუნება, განწყობილება, ამით მე ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე... ძალიან სასიხარულოა მისი დაბრუნება, როგორც ყველა ჭეშმარიტ ქართველს და ქვეყნის პატრიოტს მეც ისე მიხარია ეს ამბავი, ეს ნამდვილად საშვილიშვილო საქმეა და თან სასიხარულო კიდევ ისაა, რომ ეს ამბავი მოხდა ჩვენი არსებობის პერიოდში და მომსწრენი ვართ ამ დიდი მოვლენისა. 
ეს კი ჩემი ნაცოდვილარია, მე ვფიქრობ ჩემი ნამუშევარი კრიტიკასაც კი არ იმსახურებს და არც შეფასებას, უბრალოდ მე მიხარია და ბედნიერი ვარ, როცა დიდი მხატვრების ნამუშევრებს ვუყურებ და მეც მინდება განვიცადო დაახლოებით იმ განცდის მეასედი, რასაც ისინი მათი შექმნის პროცესში განიცდიდნენ და ამითი კმაყოფილი ვარ,მეტი არსი და დანიშნულება და მიზეზი არ აქვს ამ ყველაფერს. მითუმეტეს პრეტენზია. უბრალოდ ეს ჩემი მხირდან პატივისცემის გამოხატვაა, რომელიც გულიდან მოდის.დამახინჯებად ნუ ჩამითვლით. :)

Saturday, April 4, 2015

უსათაურო

ვუყურებ ამ ფოტოს და საშინელი განცდა მეუფლება, ტკივილი ნახლდება, ისევ თავიდან იწყება... როგორი შორეული და გაცრეცილია ფოტო, ყველაზე სანატრელ და ტკივილიან მოგონებებს რომ ინახავს......

ისევ ახლიდან ვათვალიერებ ფოტოებს, შეგნებულად არა, არ მინდა განგებ ვნახო ფოტოები, მაგრამ უფრო მწარეა შემთხვევით ისევ რომ გადავაწყდები... განა მე ის მავიწყდება, უბრალოდ თავს დიდი ტკივილის და ბრძოლის ფასად ვაიძულებ არ ვიფიქრო, არ გავყვე ამ ფიქრებს....... ეს ჩემს ძალებს საოცრად და სასწაულად აღემატება, დავრდომილს ვემსგავსები და უიმედობა მიპყრობს.....

არავინ თქვას რომ დრო კურნავს ტკივილს...... ეს ტკივილი არ იკურნება, როგორც სნეული უკურნებელი სენით შეპყრობილი ისეა, ეს არ გაივლის და არ დამშვიდდება გული, ვერ დაწყნარდება სული.......რამდენი ფიქრი და აზრი მოდის თავში, რამდენი სევდა, წუხილი, ტირილი, ცრემლი.... ზოგჯერ მგონია რომ ასეთი ტკივილი არავის განუცდია არსად, ზოგჯერ მგონია რომ ყველაზე მძიმე სასჯელია ეს, იმდენად მძიმეა მისი გახსენება და მასზე ფიქრი. რაც დრო გადის უფრო გრძნობ უმისობას და უფრო მეტად გაკლდება, ვიდრე აქამდე და ასეა ყოველდღე, უფრო და უფრო მძაფრდება მისი არყოფნით გამოწვეული სევდა. ზოგჯერ მეშინია ღვთის გმობამდე არ მივიდეს ჩემი აზრები.

მე ის კი არ მენატრება, არა, საოცრად მაკლია, მახსენდება როგორც რამ ძალიან შორეული, ტკბილი და თითქოს არარსებულიც, თავი მგონია სამოთხიდან გამოძევებული ადამიანი, რომელიც მადლის გარეშე დარჩა და მისი ცხოვრება დაემსგავსა ოდისეას... ამდენი კითხვის ნიშანი, ამდენი მრავალი წერტილი..... შეუძლებელია ამის განკურნება, ეს სენია რომელიც ჭამს გულს, ისე როგორც მისი გული გახეთქა და შეჭამა... ეს ცხოვრებაა, დაუნდობელი და სასტიკი, რომელიც გატირებს და გკლავს... და ვეკითხები ჩემს თავს -  რისთვის მოვედი ამ ქვეყნად, რა არის ჩემი მისია... მე ხომ დედა აღარ მყავს.........

Wednesday, April 1, 2015

ნუ შევიქმნით პრობლემებს

საოცარია, ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები ვინც ჩვენზე ზრუნავენ, ვუყვარვართ და გვაფასებენ, მუდამ ცდილობენ გაგვახარონ, გვასიამოვნონ, ჩვენ კი ვერ ვამჩნევთ ამ ყველაფერს და ხშირად იგნორითაც კი ვპასუხობთ ამ სიყვარულს, მაგრამ სამაგიეროდ როგორ ბრმად ვენდობით და ვუყვებით ჩვენს შესახებ იმ ადამიანებს, რომლებიც ერთი შეხედვით ჩვენი მეგობრები არიან, სინამდვილეში კი ჩვენც ვიცით რომ ასე არ არის და რეალურად ჩვენი სიკეთე და ჩვენი ბედნიერება თუ არ სწყინთ, არც ადარდებთ დიდად.

რატომ ხდება ასე? რატომ ვართ ასეთი ბრმები და უმადურები? 

სამაგიეროდ ვზივართ და გლობალურ საკითხებზე ვმსჯელობთ ფართო აუდიტორიასთან, განვიხილავთ მასშტაბურ პრობლემებს, საკუთარი თავისა და ოჯახისთვის კი ვერ მიგვიხედია.

რა დავარქვა ამას....

სულ ვფიქრობ იმაზე,  როგორი ხანმოკლეა ჩვენი ცხოვრება, წამში გაირბენს, მოიხედავ და უკვე ის აღარ ხარ, აი, მაგალითად, გუშინ შვილი არ მყავდა, დღეს კი მასზე ვზრუნავ, ხელში მიჭირავს და ვაძინებ, გამყავს გარეთ და ვასეირნებ სუფთა ჰაერზე, დრო კი ისე გარბის ამასობაში, თვალის მოხუჭვასა და დახამხამებას ვერ ვასწრებ ზოგჯერ და მაინც ამ უდროობასა და მოუცლელობაში ისე განვიცდი საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დეფიციტს, გამოფიტული ვარ და გამომშრალი თითქოს, ჩვენ კი ამ დროს რას ვაკეთებთ ზრდასრული ადამიანები, ელემენტარულად არ გვცალია ერთმანეთისთვის, ყელამდე პრობლემებსა და საქმეებში ვართ ჩაფლულნი, გასაქცევს ვეძებთ და ისაც არ ჩანს,მაგრამ რას უნდა გავექცეთ, ადამიანობას? საყვარელ ადამიანებს? პრობლემებს ხომ ვერა და ვერ გაექცევი, უბრალოდ უნდა ეცადო რომ არ შეიქმნა ისინი...      ერთ რამეს მივხვდი, ადამიანი თვითონ იქმნის პრობლემებს, თვითონ "ითხრის სამარეს", თვითონ როგორც იქცევა, როგორი გააზრებითა და დაფიქრებითაც იქცევა, ისეთივეა მისი ცხოვრებაც.

ღმერთმა მოგვცეს უნარი სიმშვიდისა, მსგავსად ბიბლიური მეფე დავითისა : უფალო მოიხსენე დავით და ყოველი სიმშვიდე მისი.

Friday, March 27, 2015

მოულოდნელი სიხარული

როგორი მოულოდნელობებითაა აღსავსე ჩვენი ცხოვრება, სწორედ მაშინ, როცა უკვე აღარ ელოდები უფალი მოიღებს წყალობას თვისას... არ გჯერა... ფიქრობ, რომ არ იყავი ღირსი... ეს შენ არ დაგიმსახურებია, მაგრამ მან ხომ მაინც მოგმადლა? რა უნდა ქნა, მადლობით უნდა მიიღო...
ცხოვრებას ახალი აზრი მიეცა, აგერ უკვე ერთი წელია, ანუ მას შემდეგ, რაც გავიგე რომ ორსულად ვიყავი, ეს იყო 11 მარტი (?), გააზრება ისეთი ადვილი არ ყოფილა იმისა რომ შვილი მეყოლებოდა, თითქოს ვიყავი კიდეც მზად და თითქოს არც ვიყავი, გული გამოუთქმელი სიხარულით ამევსო.
გავიდა 9 თვე და დედა გავხდი. იმ აზრს როგორც იქნა ძლივს შევეგუე და ორსულობა ჩემს ბუნებრივ მდგომარეობად მივიჩნიე და უცბად იმაზე ასჯერ და ათასჯე მეტი სიახლე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, ეს იყო ის სიხარული, რომელსაც თურმე 2 წელი ველოდი, 2 წელი??? არა, თურმე რასაც მთელი ცხოვრება ველოდი და არც კი ვიცოდი, არ ვუწყოდი, ეს ჩემში ქვეცნობიერად მუდამ არსებულა თურმე ისევე როგორც ალბათ ყველა ქალში. 
.... და მივხვდი ერთ რამეს - სისულელეა ადამიანის ყოველგვარი მოღვაწეობა, ყოველგვარი შრომა და წვალება ამქვეყნიური ერისკაცის მდგომარეობაში მყოფისა, წარმავალია ყველაფერი და "მსწრაფლად დასჭკნების", ფუჭია მისი ყოველი საქმიანობა და უნაყოფო, თუ ამ ყველაფერმა ცოცხალ არსებაში არ ჰპოვა გაგრძელება, ჩემი აზრით მასშია ერისკაცის ნამდვილი ამქვეყნიური ღვაწლი იმქვეყნიურის დამკვიდრებისთვის... და მივხვდი ერთ რამეს, ამისთვის მიცხოვრია, ამისთვის დავბადებულვარ, ამისთვის გავუზრდივარ დედაჩემს ტანჯვით, ეს ყოფილა ჩემი ცხოვრების არსი, აზრი, შინაარსი, დედააზრი და მხოლოდ ამისთვის ღირდა ცხოვრება, ღირდა ლოდინი, ღირდა ყველაფრის ფასად...
იყო მშობელი ეს ძალიან მძიმე ტვირთია, მაგრამ ამაზე დიდი სიამოვნებით არანაირ ტვირთს არ ზიდავდა ალბათ ადამიანი მთელი თავისი არსებობის მანძილზე... საოცრებაა.... ილიას სიტყვები გამახსენდა, თუმცა ისინი სხვა კონტექსტში თქვა მან : მისთვის მიყვარხარ რომ მაძლევ ტანჯვას და ამ ტანჯვაში სრულს სამოთხესა...