Tuesday, March 17, 2020

გიგო გაბაშვილი

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნონ ქართველი მხატვის გიგო გაბაშვილის ბიოგრაფიას და შემოქმედებას..

გიორგი (გიგო) ივანეს ძე გაბაშვილი დაიბადა 1862 წლის 9 ნოემბერს (21 ნოემბერი), თბილისში. 

1882-1883 წლებში სწავლობდა თბილისში, კ. კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში 


თანამშრომლობდა ბატალისტ ფ. რუბოსთან,(ატალისტი ნიშნავს მხატვარს, რომელიც საბრძოლო თემაზე ხატავს) რომელიც თბილისის სამხედრო-ისტორიულ მუზეუმისათვის ხატავდა სურათებს. 

1886-1888 სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში აკადემიური მიმართულების პროფესორ ბ. ვილვალდესთან, 

1894-1897 – მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 

1894 იმოგზაურა შუა აზიაში, საიდანაც ჩამოიტანა მრავალი ჩანახატი და ეტიუდი, რომლებიც შემდეგ სურათებისათვის გამოიყენა. 

1898 იყო იტალიაში და საბერძნეთში. სამხატვრო ასპარეზზე გამოვიდა 1888-იდან. 

1891 თბილისში გახსნა პერსონალური გამოფენა.

გაბაშვილი მუშაობდა ზეთის საღებავებით, აკვარელით, აქვს კალმით ნახატებიც. 

მისი ნამუშევრების თემატიკა მტავალფეროვანია. გაბაშვილმა შექმნა მთელი სერია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებისა: ილია ჭავჭავაძე,  აკაკი წერეთელი,; გრიგოლ ორბელიანი, ; ყველა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი; ავტოპორტრეტი,  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; მომღერალი ფილიმონ ქორიძე...


აკაკი წერეთელი(გაბაშვილის ნახატი)

თავად გიგო გაბაშვილის ფოტო

სამი მოქალაქე.მისი ტილო


მძინარე ხევსური


გიგო და ილია ჭავჭავაძე

 გიგოს მამა, ივანე გაბაშვილი თბილისის დეპუტატთა პალატის თანამშრომელი გახლდათ.
ექვსი წლის იყო, როცა ივანე გარდაიცვალა. ოჯახს საშინლად გაუჭირდა. დედა ხელსაქმით არჩენდა გიგოს და მის უმცროს ძმას – ილიას. გიგო საკმაოდ თავნება და რთულად აღსაზრდელი ყოფილა – რეალურ სასწავლებელში მხოლოდ ხატვის, ტანვარჯიშის და გეოგრაფიის გაკვეთილებს ესწრებოდა. დანარჩენ დროს ქუჩაში დახეტიალობდა, მტკვარზე თევზაობდა, მეგობრებთან ერთობოდა. დედა საშინლად განიცდიდა ამ ამბავს. მხსნელად მეორე ქმარი მოევლინა, რომელმაც მკაცრად მოჰკიდა ხელი ბიჭების აღზრდას და მაშინვე შეამჩნია გიგოს ნიჭი…
1882-1883 წლებში სწავლობდა თბილისში, კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში. ამ დროს თბილისში ჩამოსული იყო ცნობილი ბატალისტი მხატვარი ფრანც რუბო, რომელიც მეფის მთავრობის შეკვეთებს ასრულებდა თბილისის სამხედრო-ისტორიული მუზეუმისთვის. გაბაშვილი რაღაც პერიოდის განმავლობაში მისი ასისტენტი გახდა.
1886 წელს გიგო გაბაშვილის ოცნება ასრულდა და ის პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის თავისუფალი მსმენელი გახდა – მეცადინეობა დაიწყო პროფესორ ვილევალდეს ბატალურ კლასში. ახალგაზრდა, ნიჭიერ, პერსპექტიულ მხატვარს დიდ დახმარებას უწევდა ილია ჭავჭავაძე. შემონახულია წერილი, რომელიც გიგოს ილიასთვის გამოუგზავნია: 
“თქვენო ბრწყინვალებავ, ილია გრიგოლის ძევ, ჩემი დიდი ხნის სიჩუმე შეიძლება ხელოვნებაში ჩემი წარმატებით გავამართლო: ამ წელს დავამთავრე პროფესორ ვილევალდეს ბატალური კლასი დიდ ვერცხლის მედალზე, ეთნოგრაფიულ სურათში კი პატარა ვერცხლის მედალი დავიმსახურე. არ მინდოდა შემეწუხებინეთ და ამიტომ არ გეხმაურებოდით, მსურდა ჩემი ნაშრომებით და წარმატებებით გამემართლებინა თქვენი ჩემდამი ყურადღება. ახლა, როცა ყველაფერი მივიღე აკადემიისგან, რისი მიღებაც შეიძლებოდა ამ წელიწადს, გთხოვთ, იქნებ დამეხმაროთ, ტიფლისში ჩამოსვლაში, ამით საშუალებას მომცემთ ხელოვნების დიდი გზა გავაგრძელო. გზისთვის და ფერწერის აუცილებელი ხარჯებისთვის 200 მანეთი მჭირდება. ეს იქნება ჩემი უკანასკნელი თხოვნა, რომლითაც ვბედავ თქვენს შეწუხებას. იქნებ პასუხი დროზე გამომიგზავნოთ, რადგან თქვენმა წერილმა შეიძლება განსაზღვროს ჩემი გამომგზავრება 1 აპრილამდე. საუკეთესო სურვილებით თქვენი ერთგული მეგობარი გიგო გაბაშვილი.”


ილია დიდ პატივს სცემდა გიგოს, მეგობრობდა მასთან. მხატვარი მწერლის ხშირი სტუმარი გახლდათ, ის საკუთარ მეგობრებსაც გააცნო და სიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა.

ილიას ოთახში არსებული ნახატებიდან უმეტესობა გიგოს შექმნილი იყო. “ილიას უყვარდა ლამაზი ისტორიული სურათები, რომლითაც დამშვენებული იყო მისი სამუშაო კაბინეტი, თავის დის – ელისაბედის სახლში. ეს ქართული ისტორიული სურათები ილიამ საგანგებოდ დაახატვინა მხატვარს გიგო გაბაშვილს. ილია ხშირად ერთობოდა ამ სურათების ცქერით და ქებით იხსენიებდა გიგო გაბაშვილს, ამ თავისებურ, ნაყოფიერ მხატვარს. რა იცოდა მაშინ ილიამ, რომ გარდაცვალების შემდეგ გიგო გაბაშვილი მის სურათს დახატავდა, რაიც გიგომ ილიას სიცოცხლეში ვერ მოახერხა.” (არტურ ლაისტი)… უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ ილიას სიცოცხლეში ვერ დაასრულა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიუბრუნდა ნახევრად დახატულ ტილოს.

გიგო და აკაკი წერეთელი

გიგო აკაკისთანაც მეგობრობდა. მისი პორტრეტის შექმნას ასე იხსენებს მხატვარი: “აკაკის პორტრეტზე 1908 წლის ზაფხულში დავიწყე მუშაობა და კოსტუმში ვხატავდი. შეთანხმებული ვიყავი მგოსანთან, რომ იგი რამდენჯერმე უნდა მოსულიყო ჩემთან. იმისთვის, რომ ნატურიდან დამემთავრებინა და შემდეგ დამოუკიდებლად მემუშავა პორტრეტზე. მაგრამ როდესაც მეორედ გამოცხადდა პოეტი სახელოსნოში, უკვე გვიანი შემოდგომა იყო, ზამთრის პირი და პალტო რომ გამეხადა, მოსალოდნელი იყო აკაკის გაცივება, ვინაიდან სახელოსნო არ თბებოდა, არადა, მე არ მინდოდა მისი პალტოში დახატვა. აკაკიმ კი დაჟინებით მოითხოვა, გინდა თუ არა ამ პალტოში უნდა დამხატოო, ეს პალტოა ჩემთვის დამახასიათებელიო. ბოლოს თავის ჩვეულ ხუმრობასაც მიმართა: “ნუთუ ვერ ხვდები, რატომ მინდა ამ ცუდ პალტოში დამხატო? ახლა სულ მალე ჩემი იუბილე იქნება და ხალხი ცუდ პალტოში რომ მნახავენ, იუბილეზე ბევრ საჩუქრებს მომიტანებენო.”

წყარო - burusi.worpress.com

Saturday, June 6, 2015

ფიროსმანის დაბრუნება


საოცარი შეგრძნებაა... ფიროსმანის არსენალის მთა ღამით დაბრუნდა საქართველოში, ჩემთვის კი ის უფრო მეტად საინტერესო ერთი მიზეზითაა, ამას წინათ, ისე რომ არც ვიცოდი ამ ნახატის ადგილმდებარეობის შესახებ გადავწყვიტე დამეხატა ჩემი თვალით დანახული არსენალის მთა...საოცარი იყო ეს პროცესი და ფიროსმანისეული ფერების მიღება ფერთა შეზავებით, ჩემზე ის განწყობა და ემოციები გადმოვიდა უფრო რეალურად და ნათლად რაც ამ ნახატშია ჩადებული, ძალიან მომეწონა ეს პროცესი და მივხვდი რომ ჩემთან ძლიერ ახლოს იყო მისი ტონები, მისი ხასიათი, ბუნება, განწყობილება, ამით მე ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე... ძალიან სასიხარულოა მისი დაბრუნება, როგორც ყველა ჭეშმარიტ ქართველს და ქვეყნის პატრიოტს მეც ისე მიხარია ეს ამბავი, ეს ნამდვილად საშვილიშვილო საქმეა და თან სასიხარულო კიდევ ისაა, რომ ეს ამბავი მოხდა ჩვენი არსებობის პერიოდში და მომსწრენი ვართ ამ დიდი მოვლენისა. 
ეს კი ჩემი ნაცოდვილარია, მე ვფიქრობ ჩემი ნამუშევარი კრიტიკასაც კი არ იმსახურებს და არც შეფასებას, უბრალოდ მე მიხარია და ბედნიერი ვარ, როცა დიდი მხატვრების ნამუშევრებს ვუყურებ და მეც მინდება განვიცადო დაახლოებით იმ განცდის მეასედი, რასაც ისინი მათი შექმნის პროცესში განიცდიდნენ და ამითი კმაყოფილი ვარ,მეტი არსი და დანიშნულება და მიზეზი არ აქვს ამ ყველაფერს. მითუმეტეს პრეტენზია. უბრალოდ ეს ჩემი მხირდან პატივისცემის გამოხატვაა, რომელიც გულიდან მოდის.დამახინჯებად ნუ ჩამითვლით. :)

Saturday, April 4, 2015

უსათაურო

ვუყურებ ამ ფოტოს და საშინელი განცდა მეუფლება, ტკივილი ნახლდება, ისევ თავიდან იწყება... როგორი შორეული და გაცრეცილია ფოტო, ყველაზე სანატრელ და ტკივილიან მოგონებებს რომ ინახავს......

ისევ ახლიდან ვათვალიერებ ფოტოებს, შეგნებულად არა, არ მინდა განგებ ვნახო ფოტოები, მაგრამ უფრო მწარეა შემთხვევით ისევ რომ გადავაწყდები... განა მე ის მავიწყდება, უბრალოდ თავს დიდი ტკივილის და ბრძოლის ფასად ვაიძულებ არ ვიფიქრო, არ გავყვე ამ ფიქრებს....... ეს ჩემს ძალებს საოცრად და სასწაულად აღემატება, დავრდომილს ვემსგავსები და უიმედობა მიპყრობს.....

არავინ თქვას რომ დრო კურნავს ტკივილს...... ეს ტკივილი არ იკურნება, როგორც სნეული უკურნებელი სენით შეპყრობილი ისეა, ეს არ გაივლის და არ დამშვიდდება გული, ვერ დაწყნარდება სული.......რამდენი ფიქრი და აზრი მოდის თავში, რამდენი სევდა, წუხილი, ტირილი, ცრემლი.... ზოგჯერ მგონია რომ ასეთი ტკივილი არავის განუცდია არსად, ზოგჯერ მგონია რომ ყველაზე მძიმე სასჯელია ეს, იმდენად მძიმეა მისი გახსენება და მასზე ფიქრი. რაც დრო გადის უფრო გრძნობ უმისობას და უფრო მეტად გაკლდება, ვიდრე აქამდე და ასეა ყოველდღე, უფრო და უფრო მძაფრდება მისი არყოფნით გამოწვეული სევდა. ზოგჯერ მეშინია ღვთის გმობამდე არ მივიდეს ჩემი აზრები.

მე ის კი არ მენატრება, არა, საოცრად მაკლია, მახსენდება როგორც რამ ძალიან შორეული, ტკბილი და თითქოს არარსებულიც, თავი მგონია სამოთხიდან გამოძევებული ადამიანი, რომელიც მადლის გარეშე დარჩა და მისი ცხოვრება დაემსგავსა ოდისეას... ამდენი კითხვის ნიშანი, ამდენი მრავალი წერტილი..... შეუძლებელია ამის განკურნება, ეს სენია რომელიც ჭამს გულს, ისე როგორც მისი გული გახეთქა და შეჭამა... ეს ცხოვრებაა, დაუნდობელი და სასტიკი, რომელიც გატირებს და გკლავს... და ვეკითხები ჩემს თავს -  რისთვის მოვედი ამ ქვეყნად, რა არის ჩემი მისია... მე ხომ დედა აღარ მყავს.........

Wednesday, April 1, 2015

ნუ შევიქმნით პრობლემებს

საოცარია, ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები ვინც ჩვენზე ზრუნავენ, ვუყვარვართ და გვაფასებენ, მუდამ ცდილობენ გაგვახარონ, გვასიამოვნონ, ჩვენ კი ვერ ვამჩნევთ ამ ყველაფერს და ხშირად იგნორითაც კი ვპასუხობთ ამ სიყვარულს, მაგრამ სამაგიეროდ როგორ ბრმად ვენდობით და ვუყვებით ჩვენს შესახებ იმ ადამიანებს, რომლებიც ერთი შეხედვით ჩვენი მეგობრები არიან, სინამდვილეში კი ჩვენც ვიცით რომ ასე არ არის და რეალურად ჩვენი სიკეთე და ჩვენი ბედნიერება თუ არ სწყინთ, არც ადარდებთ დიდად.

რატომ ხდება ასე? რატომ ვართ ასეთი ბრმები და უმადურები? 

სამაგიეროდ ვზივართ და გლობალურ საკითხებზე ვმსჯელობთ ფართო აუდიტორიასთან, განვიხილავთ მასშტაბურ პრობლემებს, საკუთარი თავისა და ოჯახისთვის კი ვერ მიგვიხედია.

რა დავარქვა ამას....

სულ ვფიქრობ იმაზე,  როგორი ხანმოკლეა ჩვენი ცხოვრება, წამში გაირბენს, მოიხედავ და უკვე ის აღარ ხარ, აი, მაგალითად, გუშინ შვილი არ მყავდა, დღეს კი მასზე ვზრუნავ, ხელში მიჭირავს და ვაძინებ, გამყავს გარეთ და ვასეირნებ სუფთა ჰაერზე, დრო კი ისე გარბის ამასობაში, თვალის მოხუჭვასა და დახამხამებას ვერ ვასწრებ ზოგჯერ და მაინც ამ უდროობასა და მოუცლელობაში ისე განვიცდი საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დეფიციტს, გამოფიტული ვარ და გამომშრალი თითქოს, ჩვენ კი ამ დროს რას ვაკეთებთ ზრდასრული ადამიანები, ელემენტარულად არ გვცალია ერთმანეთისთვის, ყელამდე პრობლემებსა და საქმეებში ვართ ჩაფლულნი, გასაქცევს ვეძებთ და ისაც არ ჩანს,მაგრამ რას უნდა გავექცეთ, ადამიანობას? საყვარელ ადამიანებს? პრობლემებს ხომ ვერა და ვერ გაექცევი, უბრალოდ უნდა ეცადო რომ არ შეიქმნა ისინი...      ერთ რამეს მივხვდი, ადამიანი თვითონ იქმნის პრობლემებს, თვითონ "ითხრის სამარეს", თვითონ როგორც იქცევა, როგორი გააზრებითა და დაფიქრებითაც იქცევა, ისეთივეა მისი ცხოვრებაც.

ღმერთმა მოგვცეს უნარი სიმშვიდისა, მსგავსად ბიბლიური მეფე დავითისა : უფალო მოიხსენე დავით და ყოველი სიმშვიდე მისი.

Friday, March 27, 2015

მოულოდნელი სიხარული

როგორი მოულოდნელობებითაა აღსავსე ჩვენი ცხოვრება, სწორედ მაშინ, როცა უკვე აღარ ელოდები უფალი მოიღებს წყალობას თვისას... არ გჯერა... ფიქრობ, რომ არ იყავი ღირსი... ეს შენ არ დაგიმსახურებია, მაგრამ მან ხომ მაინც მოგმადლა? რა უნდა ქნა, მადლობით უნდა მიიღო...
ცხოვრებას ახალი აზრი მიეცა, აგერ უკვე ერთი წელია, ანუ მას შემდეგ, რაც გავიგე რომ ორსულად ვიყავი, ეს იყო 11 მარტი (?), გააზრება ისეთი ადვილი არ ყოფილა იმისა რომ შვილი მეყოლებოდა, თითქოს ვიყავი კიდეც მზად და თითქოს არც ვიყავი, გული გამოუთქმელი სიხარულით ამევსო.
გავიდა 9 თვე და დედა გავხდი. იმ აზრს როგორც იქნა ძლივს შევეგუე და ორსულობა ჩემს ბუნებრივ მდგომარეობად მივიჩნიე და უცბად იმაზე ასჯერ და ათასჯე მეტი სიახლე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, ეს იყო ის სიხარული, რომელსაც თურმე 2 წელი ველოდი, 2 წელი??? არა, თურმე რასაც მთელი ცხოვრება ველოდი და არც კი ვიცოდი, არ ვუწყოდი, ეს ჩემში ქვეცნობიერად მუდამ არსებულა თურმე ისევე როგორც ალბათ ყველა ქალში. 
.... და მივხვდი ერთ რამეს - სისულელეა ადამიანის ყოველგვარი მოღვაწეობა, ყოველგვარი შრომა და წვალება ამქვეყნიური ერისკაცის მდგომარეობაში მყოფისა, წარმავალია ყველაფერი და "მსწრაფლად დასჭკნების", ფუჭია მისი ყოველი საქმიანობა და უნაყოფო, თუ ამ ყველაფერმა ცოცხალ არსებაში არ ჰპოვა გაგრძელება, ჩემი აზრით მასშია ერისკაცის ნამდვილი ამქვეყნიური ღვაწლი იმქვეყნიურის დამკვიდრებისთვის... და მივხვდი ერთ რამეს, ამისთვის მიცხოვრია, ამისთვის დავბადებულვარ, ამისთვის გავუზრდივარ დედაჩემს ტანჯვით, ეს ყოფილა ჩემი ცხოვრების არსი, აზრი, შინაარსი, დედააზრი და მხოლოდ ამისთვის ღირდა ცხოვრება, ღირდა ლოდინი, ღირდა ყველაფრის ფასად...
იყო მშობელი ეს ძალიან მძიმე ტვირთია, მაგრამ ამაზე დიდი სიამოვნებით არანაირ ტვირთს არ ზიდავდა ალბათ ადამიანი მთელი თავისი არსებობის მანძილზე... საოცრებაა.... ილიას სიტყვები გამახსენდა, თუმცა ისინი სხვა კონტექსტში თქვა მან : მისთვის მიყვარხარ რომ მაძლევ ტანჯვას და ამ ტანჯვაში სრულს სამოთხესა...

Tuesday, October 28, 2014

სილაბუსი სახვითსა და გამოყენებით ხელოვნებაში 7, 8, 9 კლასი


სილაბუსი, საგნის გეგმა (7კლასი)
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ხელოვნების პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე სოფიო ჯანგულაშვილი

მთელი წლის მანძილზე განსახილველ საკითხთა ერთობლიობა:                                       

1.მიმართულება - შემოქმედებითობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება:
   სხვადასხვა ტიპის - წვრილი, სქელი, ტეხილი, წყვეტილი,ტალღოვანი ხაზის გამოყენებით შექმნიან ნამუშევარს, გამოიყენებენ კონტურს. ძირითადი, შედგენილი, თბილი, ცივი, ინტენსიური, ნახევარტონი, კონტრასტული ფერებით ხატავენ ნამუშევარს.იყენებენ და ქმნიან სხვადასხვა ფორმებს: ორგანზომილებიანს,სიმეტრიულს, ასიმეტრიულს. შუქ-ჩრდილის გამოყენებით შექმნიან მოცულობას, სხვადასხვა იარაღით და მასალით შექმნიან ფაქტურებს.კომპოზიციის აგებისას გამოიყენებს ჰორიზონტის ხაზს, პერსპექტივას, თავშეყრის წერტილს, რაკურსს, შექმნის რიტმს,დაიცავს წონასწორობას კომპოზიციაში,გამოსახავს დინამიკას,გადმოსცემს განწყობილებას ხაზის, ფერის, სხვადასხვაგვარი მონასმის საშუალებით.
რესურსი:
ფორმატი, თაბახის ფურცლები, სახატავი რვეული,ფერადი ფანქრები, პასტელი, ცარცი, ნახშირი, გუაში, წებო, მაკრატელი, მუყაო, პლასტილინი, თიხა, პლასტმასის დანა, მძივები, ლენტები,პრიალა ქაღალდი-ფოლგა, ფერადი ფურცლები, ფუნჯი, საშლელი, ღრუბელი, წვრილი კენჭები, მეტლახის ნატეხები, ღილები, სტეპლერი, აკვარელის საღებავი, წყლის ჭურჭელი, ხელსახოცი, უბრალო ფანქარი, ქსოვილი, ჭიკარტები,ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი,სკოჩი, ერთჯერადი თეფში და ჭიქა,კბილის ჯაგრისი, ბუნებრივი რესურსი.
ტექნიკა და პროცედურა:
გამოიყენებენ სხვადასხვა ტექნიკას: ფერწერის, გრაფიკის სხვადასხვა ტექნიკა, ანაბეჭდი, ძერწვა, აპლიკაცია, ქაღალდის პლასტიკა, კოლაჟი, მოდელირება, კონსტრუქცია, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ამოკაწვრა, დაწვნა, ქარგვა.

2. მიმართულება - კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია:
    წარადგენს ნამუშევარს ფართო აუდიტორიის წინაშე, მსჯელობს ჩანაფიქრზე, ემოციაზე, მიზნებზე, ამოცანებზე; უზიარებს სხვებს შთაბეჭდილებებს, დაკვირვებებს, გამოცდილებას, აფასებს და ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას, საუბრისას იყენებს სათანადო ტერმინებს. საუბრობს კონკრეტული კულტურის მახასიათებლებზე, ნამუშევრიდან მიღებულ ინფორმაციაზე, აწყობს და მონაწილეობს საკლასო და სასკოლო გამოფენებში, სპექტაკლში, აქციაში, აწყობს და ესწრება შეხვედრებს ხელოვანთან, საუბრობს ექსკურსიებიდან, მუზეუმიდან, გალერეებიდან მიღებულ შთაბეჭდილებებზე.

3. მიმართულება - ხელოვნების აღქმა კოკნტექსტში:
  სახვითი ხელოვნების ცნობილი ნამუშევრების დათვალიერებისას ამოიცნობს და აკავშირებს მათ ეპოქასთან და კულტურასთან, საუბრობს და ხვდება ისტორიულ-რელიგიურ-კულტურული კონტექსტის გავლენას მხატვრულ გადაწყვეტაზე, აგოვებს ინფორმაციას ხელოვნების ადგილობრივ მოღვაწეებზე და აკეთებს მათი შემოქმედების ანალიზს.
გამოყენებითი ხელოვნება- ამოიცნობს აზიური და ევროპული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს ტანისამოსში, საიუველირო ნაწარმში, ყოფითი დანიშნულების საგნებში და ა. შ.

მეთოდები რომლებსაც გამოვიყენებთ მთელი წლის მანძილზე
საკლასო დისკუსია, სივრცე, მიკროფონი, აკვარიუმი, მოგზაურები, გააგრძელე, აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, ტე დიაგრამა, ვენის დიაგრამა, სტრატეგია 3,2,1, ასოციაციური თამაში.

ვიზუალური მასალა სამივე მიმართულებაზე
კლოდ მონე( თივის ზვინი), ჟორჟ დე ლატური (კონტრასტი, შუქ-ჩრდილი), პოლ გოგენი, ენდი უორჰოლი, მორის ეშერი( ცა და წყალი, შავ-თეთრი კონტრასტი),რემბრანდტი( ღამის გუშაგი), ტიციანი(მადონა ალუბლებით), პიტერ ბრეიგელი უფროსი(მონადირეები თოვლზე), დიეგო ველასკესი, ედუარდ მანე(ბარი, ფოლი ბერჟერში), ვასილი კანდინსკი, პიტ მონდრიანი(კომპოზიციური განაწილება), ვან გოგი, ჯექსონ პოლოკი, ჯიბსონ ხუნდაძე, ედმონდ კალანდაძე(მონასმი და ფაქტურა), ვერონეზე(მარდოხეის ტრიუმფი), რუბენსი(მინდვრიდან დაბრუნება), კლოდ ლორენის პეიზაჟები,საფარა, გელათი-კონქის მოხატულობა, რუბლიოვის სამება, პერუჯინო,და ვინჩი(თავშეყრის წერტილი),დელფოსის მეეტლე, მირონის ბადროს მტყორცნელი(სტატიკა), სკოპასის მენადა, ფუტურისტები, ნიკოლა პუსენი(გერმანიკის სიკვდილი), ჟაკ ლუი დავიდი(ჰორაციუსების ფიცი)და სხვა.

სილაბუსი, საგნის გეგმა 8 კლასი
1.      
მიმართულება შემოქმედებითობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება:
მოსწავლე შემოქმედებითად გამოიყენებს სახვითი ხელოვნების ელემენტებსა და პრინციპებს ნამუშევრის შექმნისას კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად, გამოიყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს, მონასმს, ფერს, ფორმას, შუქ-ჩრდილს, ფაქტურას, გადმოსცემს მოცულობას, მთლიანობას, პროპორციებს, სივრცეს ნამუშევარში, პერსპექტივას, უკუპერსპექტივას, სიმეტრიას, რიტმს, წონასწორობას, კონტრასტს, დინამიკას. სხვადასხვა ეფექტების საშუალებით გადმოსცემს განწყობილებას, ასოციაციებს, ემოციებს.

2.      მიმართულება კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია:
წარადგენს ნამუშევარს ფართო აუდიტორიის წინაშე, იმსჯელებს ჩანაფიქრზე, ემოციებზე, მიზნებზე, ამოცანებზე, გაუზიარებს სხვებს შთაბეჭდილებებს, დაკვირვებებს, გამოცდილებას, შეაფასებს მოვლენებს და დაასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას სათანადო ტერმინების გამოყენებით, ისაუბრებს ნამუშევრის შექმნის მოტივებზე, ჯგუფის მიერ დასახულ მიზნებზე, შეაფასებს ნამუშევარს მხატვრული ხერხების მიხედვით, ისაუბრებს სხვადასხვა კულტურის დამახასიათებელ ნიშნებზე, ნამუშევრიდან მიღებულ ინფორმაციაზე, მონაწილეობას მიიღებს და დაგეგმავს გამოფენებს, სპექტაკლს, აქციას, შეხვდება ხელოვნების მოღვაწეებს.
3
.      მიმართულება ხელოვნების აღქმა კონტექსტში:
შეადარებს და ამოიცნობს სხვადასხვა კულტურისა და ეპოქის  ნამუშევრებს, იმსჯელებს მათ საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე, შეადარებს ერთმანეთს რეალისტურ და პირობით ნამუშევრებს, იკვლევს ხელოვნების ნიმუშს რელიგიურ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტში, მიაკუთვნებს ხელოვნების ნიმუშს ეპოქას და კულტურას, მოაგროვებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო ისტორიული პერიოდის ქართული ხელოვნების ძეგლებზე, გააცნობს მას კლასს თვალსაჩინო მასალასთან ერთად,იმსჯელებს ქართული კედლის მხატვრობის ნიმუშებზე, ამოიცნობს რამდენიმე ქართველი მხატვრის ნამუშევარს და ადარებს ერთმანეთს შესრულების მანერის მიხედვით, მოიძებს ინფორმაციას რამდენიმე ცნობილ კულტურულ ძეგლზე და იმსჯელებს მათი გავლენის შესახებ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მოიძიებს ინფორმაციას ქართული და მსოფლიო არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენების შესახებ და იმსჯელებს მათ მნიშვნელობაზე.

მეთოდები, რომლებსაცგამოვიყენებმთელიწლისმანძილზე:

მიკროფონი, მოგზაურები, განხილვა, აქტიურილექცია, გონებრივიიერიში, როლურითამაში, სტრატეგია 3,2,1, ასოციაციურიკავშირებისრუკა, სტრატეგია- რადამამახსოვრდებაკლასისდატოვებისშემდეგ, ვენისდიაგრამა, ტდიაგრამა, მოზაიკა, ჯგუფურიმუშაობა, მუშაობაწყვილში, წრე.

ვიზუალური მასალა სამივე მიმართულებაზე:

კარავაჯო - ვახშამი ემაუსში, კორეჯო - შობა, ბრეიგელი უფროსი - გლეხური ქორწილი, ვერმეერი, რემბრანდტი, გოია, სერა, ვან ეიკი, ენგრი, პიკასო, ბოსხი, ველასკესი, მოდილიანი, დონგენი, რუბენსი, ტერნერი, ტიციანი, ტულუზ ლოტრეკი, არისტიდ ბრუიანი, ჟანა ავრილი,  დიუფი,  მონდრიანი, სისლეი, კანდინსკი, კანალეტო, მარკ შაგალი, ილია რეპინი, რენუარი, რომანული, გუთური, რენესანსული არქიტექტურა, დონატელოს, მიქელანჯელოს, ბერნინის ქანდაკებები, გიბერტის კარიბჭე, როდენი.

სილაბუსი, საგნის გეგმა - 9 კლასი
მთელი წლის მანძილზე განსახილველ საკითხთა ერთობლიობა

1.     მიმართულება - შემოქმედებითობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება:
გამოიყენებს კოლორიტს, კონტრასტულ ფერებს, აქცენტებს, ფაქტურას, შერეულ მასალას,ტრადიციულ და არატრადიციულ მასალას და ტექნიკას ნამუშევარში განწყობილების,ემოციების, იდეების, ფერის ჟღერადობის გასაძლიერებლად.ჩაატარებს ექსპერიმენტს მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე.შემოქმედებითად ასახავს გარემოზე დაკვირვების შედეგად აღძრულ შთაბეჭდილებებს, აირჩევს თემას საკუთარი ემოციებისა და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად, დაგეგმავს სამუშაოს შესრულების დროს,განსაზღვრავს სამუშაოს თანმიმდევრობას, ფუნქციებს, შექმნის ნაკეთობებს და გარემოს(ინტერიერი,ეზო, პარკი) დიზაინის ესკიზებს,გამოიყენებს კომპიუტერულ ტექიკას ნამუშევრის შექმნისას, თეატრალური წარმოდგენებისათვის დახატავს და გააკეთებს დეკორაციების ესკიზებს
2
.      მიმართულება - კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია:
წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს ნამუშევარს, იმსჯელებს რა ეფექტს აღწევს მხატვარი ფერის, შუქ-ჩრდილის საშუალებით,გამოთქვამს მოსაზრებას ხელოვნების ნიმუშის მხატვრული ღირებულების შესახებ და დაასაბუთებს საკუთარი აზრს.
3
.      მიმართულება - ხელოვნების აღქმა კონტექსტში:
შეადარებს ერთმანეთს სხვადასხვა კლტურის და ისტორიული პერიოდის ხელოვნების ნიმუშებს სტილის, ჟანრის, თემის მიხედვით, ამოიცნობს მხატვრის ინდივიდუალურ მანერას,ამოიცნობს ქართული ხელოვნების სხვადასხვა დარგის და სხვადასხვა კუთხის ხელოვნებას, იმსჯელობს თუ რა გავლენა იქონია ამა თუ იმ ისტორიულმა მოვლენამ რომელიმე კონკრეტულ ნამუშევარზე, იმსჯელებს ქართული ხალხური ხელოვნების შესახებ, შეაგროვებს ინფორმაციას კულტურის მოღვაწეებზე და მათ წვლილზე საზოგადოების ცხოვრებაში. იმსჯელებს თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენების შესახებ ხელოვნებაში.

მეთოდები, რომლებსაც გამოვიყენებ მთელი წლის მანძილზე:

მიკროფონი, მოგზაურები, განხილვა, აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, როლური თამაში, სტრატეგია 3,2,1, ასოციაციური კავშირების რუკა, სტრატეგია- რა დამამახსოვრდება კლასის დატოვების შემდეგ, ვენის დიაგრამა, ტ დიაგრამა, მოზაიკა, ჯგუფური მუშაობა, მუშაობა წყვილში, წრე.

ვიზუალური მასალა სამივე მიმართულებაზე:

იერონიმუს ბოსხი, ანრი რუსო, მიხაილ ვრუბელი, ოდილნ რედონი, მარკ შაგალი, ედვარდ მუნკი, ჯეიმს ენსორი, სალვადორ დალი, რენე მაგრიტი, ჯორჯო და კირიკო, მაქს ერნსტი, ჰანს არპი( წარმოსახვითი სამყარო), რაულ დიუფი (აფიშები ტრუვილში, რეგატა ჰენლიში, ორკესტრი, დოღი ესკოტში, კაზინო ნიცაში), ლადო გუდიაშვილი, ქართული თეატრის მხატვრობა- ირაკლი გამრეკელი, პეტრე ოცხელი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, კირილე ზდანევიჩი, სოლიკო ვირსალაძე.

ჟან ტინგლი, ნიკი დე სენტ ფალი, თამარ კვესიტაძე(თოჯინები, მექანიკური სკულპტურები), ენტონი გორმლი.