როს „არას“ ნაცვლად – ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.
ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
- მშობელი დედა.
ახლა, – ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.
ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, – თუკი ივარგებ, -
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა. (მუხრან მაჭავარიანი)
ამ ქვეყნად როცა ავიდგი ენა, პირველი სიტყვა იყავი დედა,
დედა სიზმრებმა არ მომასვენა, შენს ბნელ საკანში გადმომახედა.
გეძახი, მინდა გაგესაუბრო შუა აზიის ურწყულ მხარეში..
.რა გენატრება ქმარი თუ უფრო დავაშკაცებულ შვილის ალერსი.
მთვარეულივით დავდივარ ხმელზე აგერ ეს ოცდასამი წელია,
მაგრამ, ძვირფასო მშობელო, შენზე ერთი სიტყვაც არ დამიწერია.
ეს იმიტომ რომ მიყვარდი ძლიერ, დამქონდი როგორც საუნჯე გულით
და სიყვარულის სიმღერის მიერ ვიყავი დღემდე დამუნჯებული.
ახლა კი, მეტი არ ძალმიძს, არა, ტირილი მინდა და შეცხადება,
შავმა სიზმრებმა შავ ნიაღვარად წარმომიდგინეს შენი ხატება
. ჩვენი სახლ კარი ააწიოკეს გაუტანელმა გლეხის კაცებმა,
ნეტავ შენსავით ბნელში ვტიროდე, არ ვუყურებდე ქვეყნის დაქცევას.
ინგრევა შენი ნაამაგარი და არ გახსენო-არ შემიძლია,
აღარ გაჰკივის რთველში მაყარი, ვენახში თოფებს აღარ ისვრიან.
თონეში ცეცხლი აღარ ტკრციალებს, მამამ ბეღელი ვალში გაჰყიდა
და ძველებურად არ მიფრიალებს შუკაში ძველი ბაშილაყითა.
ჩვენი მარანი და საწნახელი უფრო ძლიერმა დაიგირავა.
მამა ბუხართან ზის თავდახრილი, ცვეცხლში აფურთხებს და იგინება.
რკინის ჭიშკრიდან ყვითელ გვალვაში არ შემოვდივართ მე და ურემი
და გაზაფხულის ხმაზე თავლაში არ ჭიხვინებენ ბედაურები.
დაიქცა ყველა დიდი ჯალაბი, ნაგაზს ჯაჭვს არვინ არ აღრღნევინებს,
წინათ თუ ღვინოს დაგაძალებდნენ, დღეს წყალსაც არვინ დაგალევინებს.
დანაცრებულან ციხე კოშკები, მრავალჟამიერ არსად გუგუნებს,
მე კარგად ვიცი მალე მოვკვდები, მე ვერ გავუძლებ ამ საუკუნეს.
ო, ვიცი ეს და ამიტომ მინდა უკანასკნელად მაინც გიხილო,
დედაო ქრისტეს ხატივით წმინდავ, და ეს ტანჯვები შენ გაგიმხილო.
და პირვანდელი ლუღლუღის მსგავსად ხელებგაშლით და თვალებგახელით,
დაუვიწყარო, სიკვდილის ჟამსაც გავიმეორო შენი სახელი. (ლადო ასათიანი)